სოფელ რუსთავთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა
ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სოფელ რუსთავთან მსუბუქი ავტომანქანა მოცურდა და მდინარეში გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 17:00 საათზე მოხდა. საპატრულო ეკიპაჟის, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის მისვლამდე, დაზარალებულები ავტომანქანიდან გამვლელებმა გადმოიყვანეს.
"TOIOTA vitz"-ის მარკის მანქანა იყო. ახალციხიდან ასპინძისკენ მიდიოდა. მოცურდა და გზიდან გადავარდა. ჯერ ხეს შეეჯახა, რომელმაც ნაპირთან შეაჩერა, თორემ შუა მდინარეში გადავარდებოდა და ვერ მიაგნებდნენ. მანქანა ნახევრად იყო წყალში. სამი ახალგაზრდა იჯდა. ერთი ბიჭი თავიდანვე არ რეაგირებდა, მანქანიდან გადმოყვანისას ერთ-ერთი დაგველაპარაკა, მაგრამ იმანაც მალე დაკარგა გონება. მესამე ახალგაზრდა შედარებით უკეთ იყო." - განუცხადა "მე-9 არხს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
დაშავებულებიდან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ერთი მათგანი ახალციხის კლინიკა "იმედში" გადაიყვანა, ორი მათგანი კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.
ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მართვით სუნთქვაზე მყოფი მამაკაცები, სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებით, კატასტროფის ბრიგადას თბილისში ამ წუთებში გადაჰყავს.
მესამე დაზარალებული, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია, რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება და ექიმების დაკვირვების ქვეშ აგრძელებს მკურნალობას.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.