"ევროპული საქართველო" ახალციხეში მერობის კანდიდატად ვაჟა ჩიტაშვილს წარადგენს
"ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" ახალციხეში მერობის კანდიდატს წარადგენს.
ოპოზიციური პარტიის კანდიდატი მუნიციპალიტეტში ვაჟა ჩიტაშვილი იქნება.
წარდგენა 21 ივლისს 13:00 საათზეა დაგეგმილი. შეხვედრას "ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დაესწრებიან.
ვაჟა ჩიტაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტს ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა. 2008 წელს მას გამგებლის თანამდებობა ეკავა. 2008-2012 წლებში საგამოძიებლო ორგანოში დაბრუნდა და სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო. 2012–2016 წლებში კვლავ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტში ახალციხის მუნიციპალიტეტი წარადგინა. 2016 წელს კენჭი იყარა მეცხრე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა, ახალციხე–ადიგენის მუნიციპალიტეტებში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი კოპაძემ მოიპოვა.
უცნობია როდის დაასახელებენ სხვა პარტიები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს.