ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევა დაახლოებით 10:15 წუთზე მოხდა. ვერტმფრენი სავარაუდოდ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნოდა.
ინციდენტის შედეგად მსუბუქად დაშავდა ეკიპაჟის 3 წევრი, რომლებიც თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნული შვეულმფრენი ბორჯომის ხეობაშისტიქიის ზონაში უკვე 1 კვირაა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობდა. საგანგებო შტაბიდან შემთხვევის ადგილისკენ გაემართნენ ქართული და აზერბაიჯანული სახანძრო ბრიგადები. ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც მივიდა.
ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში „მი 8“ ტიპის ქართული ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ - კრიმინალისტები.
რაც შეეხება ცეცხლის ქრობის დეტალებს. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მცირე კერების ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ცოცხალი ძალა აწარმოებს. ადგილზე ქართული, აზერბაიჯანული და ბელარუსიული ვერტმფრენები არიან მობილიზებულები.
სტიქიის ზონაში რჩებიან აზერბაიჯანული და სომხური სახანძრო ბრიგადები. რა რაოდენობის ცოცხალი ძალა დარჩება სტიქიის ზონაში, სავარაუდოდ დღის განმავლობაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე გაირკვევა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, ცეცხლი ძირითადად ლიკვიდირებულია და ადგილზე მხოლოდ მცირე კერები რჩება.