,,პოლიციელები ქვეყნის დატოვებას მაიძულებენ" – კიმ კუგოიანი
ახალქალაქში მცხოვრები 25 წლის კიმ კუგოიანი სამცხე–ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლები ზეწოლაში სდებს ბრალს. კუგოიანი ირწმუნება, რომ
სამართალდამცველები მას ქვეყნის დატოვებას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ საქმის "შეკერვითა" და დაჭერით ემუქრებიან.
ინფორმაციას სააგენტო "ჯეინიუსი" ავრცელებს. რესპონდენტი ყვება, რომ, 5 დეკემბერს, ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლებმა იგი გააჩერეს, მანქანაში ჩაისვეს, 15 წუთი ახალქალაქშივე ელაპარაკნენ, შემდეგ კი ახალციხეში, პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
"ახალციხეში ნარკოტიკებზე შემამოწმეს. 48 საათის განმავლობაში ქვეყანის დატოვება მომთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის გაყალბებით დამემუქრნენ. შეიძლება გულისხმობენ იმას, რომ წარსულში ჩხუბის გამო ვარ ნასამართლევი. ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ, ეს იქნება იმის დასტური, რომ დამნაშავე ვარ და გავიქეცი", – ამბობს "ჯეინიუსთან" კიმ კუგოიანი.
ამბობს, რომ ყოველთვის, როდესაც ახალქალაქში ქურდობა ან ძარცვა ხდება, სამართალდამცავები პირველ რიგში მის ოჯახში მიდიან: "ბოლო ძარცვის შემდეგაც დილის შვიდ საათზე, 5–6 პოლიციელი მოვიდა. მათი მოსვლისასა გამეღვიძა, არც კი ვიცოდი რა მოხდა. 3–4 წლის წინაც, ქალაქში ძარცვა მოხდა და მე და ჩემი მეგობრები წაგვიყვანეს ახალციხეში, პოლიციაში, გვცემეს, საქმე ისე გააყალბეს, თითქოს ჩვენ პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიეთ და უცენზურო სიტყვებით მივმართეთ და 500 ლარით დაგვაჯარიმეს".
კიმ კუგოანი, მისივე ნაამბობის მიხედვით, ხულიგნობისთვისაა ნასამართლევი.