არჩევნები
ახალქალაქის 40-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში პოლიციაა მობილიზებული
ახალქალაქის 40-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში პოლიციაა მობილიზებული.

სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თეონა ჭალიძემ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, ჰასმიკ მარანგოზიანისგან პირველივე საარჩევნო უბნიდან მოტანილი შემაჯამებელი ოქმის ნახვა მოითხოვა.

როგორც თეონა ჭალიძე მედიასთან აცხადებს, „საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ოქმის ნახვის საშუალება არ მისცა და ხელით შეეხნენ“.

ამის შემდეგ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე მივიდა. გოცირიძე იმ ოთახში შევიდა, სადაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს დაუპირისპირდა.

როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, მომხდარი არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ოპოზიცია ცდილობს საარჩევნო პროცესის ჩაშლას.

შემთხვევა, დაახლოებით, 21:20 წუთზე მოხდა. ამ დროს საოლქო კომისიში უბნიდან პირველი შემაჯამებელი ოქმი შევიდა.

„როგორც კი შემოიტანეს ოქმი, დანახვის საშუალება არ მომცა, თავის კაბინეტში შეიტანა და მომაძახა შემოდიო, შეგიძლია აქ ნახოო.
რომ შევედი კაბინეტში დაიწყო ყვირილი, შენ ამ ოქმს მოიპარავო. თავმჯდომარემ კაბინეტიდან თმით გამომათრია“, – ყვება თეონა ჭალიძე.



| Print |