არჩევნები
მეორე ტური 2 დეკემბრამდე გაიმართება
არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟვანიას განმარტებით, არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, ამის შემდგომ კი, არჩევნები 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.

„იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავების განხილვა მაქსიმალური ვადით გაგრძელდა, ეს არის არჩევნების ჩატარებიდან 20 დღე. შედეგები 20 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, ანუ 20 დღის შემდგომ 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი“, - განაცხადა ჟვანიამ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა

სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 615 403 ხმა მიიღო, რაც 38,63%-ია,

ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 601 175 ხმა - 37,74% .

თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3703 უბნის მონაცემი, რაც წარმოადგენს უბნების თითქმის 100 პროცენტს.

მისივე ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 პროცენტია.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877-ს, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ რეგისტრირებული მოქალაქე.
| Print |