არჩევნები
,,ყველაზე მეტი დარღვევა ახალქალაქსა და მარნეულში დაფიქსირდა" – მრავალეროვანი საქართველო
არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა დაიწყეს.

სამცხე-ჯავახეთში ხმის მიცემის პროცესს პარტიების წარმომადგენლებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც აკვირდებოდნენ.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“  28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, საბოლოო ჯამში, მშვიდ ვითარებაში ჩატარებულად მიიჩნევს.

ირმა ბასილაშვილი განმარტავს, რომ მათი ორგანიზაცია თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში იყო წარმოდგენილი, ყველაზე მეტი საჩივარი კი, ბასილაშვილის თქმით, მარნეულსა და ახალქალაქში დაიწერა.

,,ჩვენმა გრძელვადიანმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ეს შეიარაღებული პირები მივიდნენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან, ჯერ შელაპარაკება მოხდა მათ შორის, ხოლო ამ შელაპარაკების შემდეგ მოყვა ამას დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი.

შესაბამისად, ჩვენც ვითხოვთ, რომ დროულად მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება. დარღვევები, რომლებიც იყო დაფიქსირებული უბნებზე, იყო ნაწილი, რომელიც დაკმაყოფილდა ადგილზევე, ხოლო რომელიც არ დაკმაყოფილდა კანონის შესაბამისად გადავიდა ოლქებში.

ასეთი არის მთლიანობაში 10 საჩივარი, ჩვენ ველოდებით, როცა დაგვიძახებენ და გამოვცხადდებით ოლქებში"
– აცხადებს ირმა ბასილაშვილი.

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"  2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. 

„სამართლიანი არჩევნები“, ხმების პარალელური დათვლის PVT მონაცემების საფუძველზე, ასკვნის, რომ ხმის დათვლის პროცესი, უმეტესწილად, საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. 

ნინო ბიბილეიშვილი განმარტავს, რომ დარღვევები სამცხე–ჯავახეთში - ყველაზე მეტად ახალქალაქში - დაფიქსირდა. იგი 30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარ ინციდენტსაც ეხმაურება.

,,ჩვენი კორდინატორი გაესაუბრება ორივე მხარეს, როგორც ოცნების წარმომადგენლებს, ასევე გაერთიანებული ოპოზიციის, ამ შემთხვევაში ენმ–ს მხარეს, გვექნება მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ამას შემდეგ გამოვიყენებთ ჩვენ ანგარიშებში, თუმცა რა თქმა უნდა დაველოდებით რას დაადგენს გამოძიებაც.

ახლა უკვე მეორე ტურისთვის წინასაარჩევნო პერიოდია და საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება რა თქმა უნდა აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს.

რაც შეეხება გარემოს, მთლად მშვიდი ახალქალაქში არ იყო, მაგრამ სამართლებრივი კუთხით კენჭისყრის დღეს არ იყო ისეთი დარღვევები, რომელზეც ბევრ საჩივარს დავწერდით"
– განმარტავს ნინო ბიბილეიშვილი.

კენჭისყრის დღეს დარღვევები დაფიქსირდა ახალციხეშიც.  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ საჩივრები დაიწერა თითქმის ყველა უბანზე.

,,სოფელ მინაძეში არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის ისეთი მანქანით გადაადგილდებოდნენ, რომელზეც იყო #48 გამოსახული. შესაბამისად, ფაქტი ფიქსირდებოდა აგიტაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც კანონმდებლობით არის აკრძალული საქმიანობა "– ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.

ახალციხის ოლქის თავმჯდომარე თეა გავაშელი ჩატარებულ არჩევნებს აფასებს როგორც მშვიდს და აცხადებს, რომ ,,ახალციხის ოლქში დარღვევებზე სულ 8 ოქმი შემოვიდა".
| Print |