არჩევნები
#37 საოლქო საარჩევნო კომისიამ ახალციხის მასშტაბით მიღებული საჩივრები განიხილა
ოლქში დაფიქსირებული ცხრა საჩივარიდან სამი მათგანი კომისიამ გადაცილებული ვადისა და შევსების წესების დარღვევის გამო არ განიხილა.

დისციპლინური პასუხისმგებლობის დარღვევის სახით შენიშნვნა ერთ საჩივარზე გაკეთდა, ხოლო ხუთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ერთ-ერთი საჩივარი ნიუსფეისის წარმომადგენელმა ლაშა ჩიტაშვილმა დაწერა. როგორც თავად აღნიშნავს, უბნიდან კომისიის თავმჯდომარემ გამოაძევა და კენჭისყრის პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.

აღნიშნულ ფაქტს შეესწრო კომისიის წევრი ნაირა მაისურაძე, რომელიც ამბობს, რომ კომისიის წევრებს მიუთითა რომ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. 

მე–3 და 34–ე უბნებზე დაწერილი საჩივრები მსგავსი შინაარსისაა. საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ ხელმოწერებსა და გადაცემულ ბიულეტინებს შორის დისბალანსს საარჩევნო კომისიის თავმჯომარე თეა გავაშელი ტექნიკურ ხარვეზს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ფაქტს საარჩევნო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია და რეაგირებაც დროულად მოხდა.

33 საარჩევნო უბანზე ზეპირი საჩივარი არ მიიღო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ. თამჯდომარემ საჩივრის დაფიქსირებასა და საკოტროლო ფურცელში გატარებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ აუცილებელია მათ მიიღონ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით შენიშვნა.

მსგავსი სახის ინციდენტი სოფელ სხვილისშიც დაფიქსირდა. ალექსანდრე თოროსიანი ამბობს, რომ თავდაპირველად კომისიის თავმჯდომარე საჩივრის დაწერის უფლებას არ აძლევდა.

სოფელ აბათხევის 25–ე საარჩევნო უბანზე დაწერილ საჩივარში ვკითხულობთ, რომ შემაჯამებელ ოქმს ბეჭედი არ ჰქონდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ასლებზე ბეჭედი მოცემულია და საკონტროლო რვეულში ახსნა–განმარტებაც დროულად არის დაფიქსირებელი. შესაბამისად, ეს საჩივარიც უმრავლესობის მხარდაჭერით არ დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, რომ #37 საოლქო საარჩევნო კომისიამ ახალციხის მასშტაბით 9 საჩივარი მიიღო. 12 კაციანმა კომისიამ მხოლოდ ერთი მათგანი დააკმაყოფილა, 3 არ განიხილა, ხოლო 5 საჩივარი არ დააკმაყოფილა.


| Print |