არჩევნები
ვაჰაგნ ჩახალიანი ჯავახეთის მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
რუსეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული „პატრიოტთა ალიანსის“ აქციისა და სალომე ზურაბიშვილისადმი ღია მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ განცხადებას ვაჰგან ჩახალიანი ავრცელებს.


„ერთიანი ჯავახკის“ დამფუძნებელი, რომელიც სეპარატისტული განცხადებებითა და ქმედებებით არის ცნობილი განცხადებაში წერს, რომ არ უნდა დაუშვან სომხების გათურქება, სახელისუფლებო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ჩახალიანი რამდენიმე მძიმე ბრალდებით წინა ხელისუფლების დროს დააკავეს, ის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2013 წელს "ქართული ოცნების" გამოცხადებული ამნისტიით გათავისუფლდა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ის კვლავ მოუწოდებს ახალქალაქის მოსახლეობას, რომ მხარი მმართველი პარტიის კანდიდატს დაუჭირონ.

"ქართული ოცნების" შტაბი ჯავახეთში უარყოფს, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი სოფლებში მათი დავალებით დადის და ამომრჩეველთან სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო კამპანიას ეწევა.

პარტიაში ამბობენ, ფაქტთან კავშირი არ აქვთ და ჩახალიანი, ზურაბიშვილისთვის მხარდამჭერებს საკუთარი სურვილით აგროვებს.

თავის დროზე სასამართლოსა და ქართული უნივერსიტეტის შეიარაღებული დარბევისთვის ნასამართლევი ჩახალიანი ახლა ადგილობრივ მოსახლოებას ორგვერდიანი წერილით მიმართავს, სადაც ის იმეორებს ზურაბიშვილის ანტითურქულ რიტორიკას. ასევე წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს ეთნიკური სომხების ჩაგვრაში და დევნაში.

ვაჰაგნ ჩახალიანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის სომხეთიდან საქართველოში 5 დღის წინ ჩამოვიდა. რაც შეეხება წერილს, ჩახალიანის ახლობლები ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვაჰაგნ ჩახალიანის ჯავახეთში დაბრუნებას და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიაში ჩაბმას ეხმაურება.

გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მასთან პირდაპირ კავშირს ვაჰაგნ ჩახალიანის რეპუტაციის გამო უარყოფს.

ბარამიძე არც იმას გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ჩახალიანს კამპანიაში მონაწილეობა პარტიამ აუკრძალოს.

წყარო: რუსთავი 2
| Print |