არჩევნები
28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. სამცხე–ჯავახეთის ექვსივე საარჩევნო ოლქში 213 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.

არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხვალ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას, ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით.

რაც შეეხება ავღანეთს - იქ მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა, გუშინ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკოში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ“,
- განაცხადა ანა მიქელაძემ.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი. ესენია: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია და საჯაროდ გამოკრულია ბიულეტენის შევსების წესი.

საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე 4 უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური). 

28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 - ია.

აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.


საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე მოხდება.

| Print |