არჩევნები
არჩევნებამდე ორი დღით ადრე, გოდერძი კუბლაშვილმა კანდიდატურა მოხსნა
არჩევნებამდე ორი დღით ადრე „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიმა №17 სამცხის ოლქში გოდერძი კუბლაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგზე განაცხადა. გოდერძი კუბლაშვილის თქმით, კანდიდატურის მოხსნის ბევრი მიზეზი არსებობს:

"დავიწყებ პოლიტიკური ნაწილით, ჩემთვის გაურკვეველია პარტიის ორიენტირი. მიუღებელია შუაშისტობა და პატივცემული ივანიშვილის თუ კობახიძის თამაშებში მონაწილეობა.

თქვენ ალბათ გახსოვთ ჩემი შიმშილობის დაწყება, რაც უკავშირდებოდა რეგიონში არსებულ უკანონობას. გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, განცხადება მაინც უნდა გაეკეთებინა პარტიის ხელმძღვანელობას მხარდამჭერი, რაც არ გაკეთებულა და ეს ჩემთვის მიუღებელია.

ასევე, რაც პროგრამაში ეწერა პარტიას, რომ მიყვებოდა ილიას, მერაბის, ზვიადის გზას, მე პრაქტიკულად ვერ ვხედავ, რომ ამ იდეას და ამ გზას მიჰყვება პარტია. ამიტომ ეს არის პოლიტიკური ნაწილი რაც ჩემში პროტესტს იწვევს და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება"
- განაცხადა გოდერძი კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიიდან ფინანსური მხარდაჭერა არ ჰქონდა. გარდა ამისა, ორგანიზაციული ნაწილიც არ იყო გამართული.

"როგორც ხედავთ ქალაქში ერთი პლაკატიც არ არის გაკრული" - აღნიშნავს კუბლაშვილი.

ასევე, ამატებს, რომ სამცხეში პარტიას რეიტინგი არ ჰქონდა და "თავისუფალი საქართველოს" ცნობადობა საარჩევნო ოლქში მხოლოდ მისი ძალისხმევით ამაღლდა.

გოდერძი კუბლაშვილმა ბრიფინგის დასასრულს, მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ არჩევნებში მხარი "ტრიბუნას" კანდიდატს გელა კვარაცხელიას დაუჭირონ.

| Print |