არჩევნები
არჩევნები 2021-ის მთავარი თარიღები და პროცედურები
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იმართება. გთავაზობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებულ ძირითად პროცედურებსა და თარიღებს:

3 აგვისტო – დაიწყო საარჩევნო კამპანიის პერიოდი და ძალაში შევიდა სხვადასხვა სამართლებრივი ვალდებულებები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თავიდან ასარიდებლად. მათ შორის, აიკრძალა სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მაუწყებელთა ეთერში მათ მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოების ამსახველი რეკლამების განთავსება და ბიუჯეტიდან დაფინანსებული ახალი პროექტების წამოწყება.

6 აგვისტო – არის ბოლო დღეს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკო-სთვის განაცხადით მიმართვა შეუძლიათ იმ პარტიებს, რომელსაც პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა უკვე ჰყავთ ან მონაწილეობდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

8 აგვისტო – ცესკომ გამოაქვეყნა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში. პარტიებს მიენიჭათ თავისი რიგითი ნომრები საარჩევნო ბიულეტენზე;

16 აგვისტო – საინიციატივო ჯგუფებმა შესაბამის საარჩევნო კომისიას მერობის ან საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს;

2 სექტემბერი – პარტიებმა თავისი მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე პროპორციული სიები, შესაბამის საარჩევნო კომისიებს წარუდგინეს;

6 სექტემბერი – ამოიწურა პარტიული სიების შესწორების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შეცვლის ვადა;

7 სექტემბერი – ცესკომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა პარტიული სიები, ასევე ინფორმაცია მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ;

22 სექტემბერი – ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მიმართეს რეგისტრაციისთვის შესაბამის საარჩევნო კომისიას, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში;

25 სექტემბერი – საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიმართავენ რეგისტრაციისთვის ცესკოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის მიღებიდან სამი დღის ვადაში;

27 სექტემბერი – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა და მათი საარჩევნო ოლქების მიხედვით გადანაწილების შესახებ საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნა; მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციისთვის მიმართეს შესაბამის საარჩევნო კომისიას;

2 ოქტომბერი – არჩევნების დღე. საარჩევნო უბნები იხსნება 8:00 საათზე და იხურება 20:00 საათზე;

16 ოქტომბერი – საოლქო საარჩევნო კომისიები აჯამებენ საკრებულოებისა და მერობის არჩევნების შედეგებს (გარდა თბილისისა); ცესკო აჯამებს თბილისის მერობის და საკრებულოს კენჭისყრის შედეგებს, ადგენს შემაჯამებელ ოქმს.

არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა – მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში;

15 დეკემბერი – ცესკო საქართველოს პარლამენტს საბოლოო ანგარიშს წარუდგენს.

წყარო: www.civil.ge
| Print |