არჩევნები
ცესკო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს
2017 წლის 20 ივნისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.

ცესკოს ინფორმაციით, სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.

გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2017 წლის 30 მაისიდან იწყება და 12 ივნისს 24:00 საათზე, დასრულდება. ამისთვის საჭიროა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/

რეგისტრაციისთვის უნდა შეივსოს ელექტრონული განაცხადის გრაფები - პირადი ნომერი (საქარველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით) და გვარი. ამის შემდეგ ავტომატურად ივსება ელექტრონული განაცხადის შემდეგი ველები - სახელი, დაბადების თარიღი, სქესი და მისამართი. სასურველია მოხდეს საკონტაქტო ინფორმაციის ველის შევსებაც - ტელეფონი და ელ-ფოსტა.

გამოცდის ჩაბარების მსურველს რეგისტრაციისას ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.

შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).

სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცესოს შენობა).

გამოცდის ჩაბარების მსურველებს, რეგისტრაციის მიზნით, აგრეთვე შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2017 წლის 30 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირისა და უქმე დღეების გარდა). სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
| Print |