ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: ,,ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს ოთხსეზონიან კურორტად"
მთავრობა საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მოწესრიგების მიზნით დამატებით დაფინანსებას გამოყოფს, - აღნიშნული საკითხი მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც საკურორტო ზონებში ხორციელდება.

„დღეს, მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ დამატებით დაფინანსების გამოყოფის საკითხს, რომ საკურორტო ზონაში ჩვენი ინფრასტრუქტურა იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული. მოეწყობა კობი-გუდაურზე ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მშენებლობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ამავე დროს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ბაკურიანში ცენტრალურ წრიულ საფეხმავლო ბილიკს. ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს ოთხსეზონიან კურორტად. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფრასტრუქტული პროექტები უნდა დასრულდეს ძალიან მალე. ქობულეთში ნაპირდაცვითი სამუშაოები განხორციელდება. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით არის 20 მილიონი ლარი. ამბროლაურში ვიყავი, რაჭაში ინფრასტრუქტული პროექტები ხორციელდება ვადებში და კარგად, თუმცა მნიშვნელოვანია ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია კიდევ უფრო მასშტაბურად წარიმართოს. მთავრობაზე განვიხილავთ საკითხს, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება 12 მუნიციპალიტეტის გზებს, რომლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარზე მეტია“, - განაცხადა ბახტაძემ.
| Print |