ეკონომიკა
სტატისტიკის სამსახურის ცნობით ფასები გაძვირდა
2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ინფლაციის ფორმირების გამო ფასები მომატებულია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ტრანსპორტზე, ჯანდაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, ასევე საცხოვრებელზე, წყალსა და ელექტრო ენერგიაზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16,4 %), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4,8 %).

ამასთან, ფასების 16,2 %-იანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით.
აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-1,3 %), ისე ტანსაცმლის (-1,1 %) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7,8 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12,9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-9,7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (24,7 %), ზეთი და ცხიმი (4,4 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,3 %), თევზეული (3,3 %), რძე, ყველი და კვერცხი (2,0 %). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-17,1 %), ასევე შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,1 %);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,2 პროცენტით, რაც 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,0 %), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2,9 %) და ავადმყოფოების მომსახურება (2,4 %);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3,4 პროცენტით. შესაბამისად,

ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,29 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 %), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3,2 %) ქვეჯგუფებზე.
| Print |