ეკონომიკა
,,მე ვიცი, რომ ჩემი მაცივარი ცარიელია" – ადგილობრივები გაძვირებულ ცხოვრებას ჩივიან
ზაირა მეტრეველს ორი რუხი პურის საყიდლად თანხა აღარ ეყო. ქვრივ ქალს საკვები საავადმყოფოში მყოფ შვილთან მიაქვს.


პურის ფასმა საცხობებსა და მაღაზიებში 10 თეთრით მოიმატა, ხოლო ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება, ხარისხის მიხედვით, 2–დან ხუთ ლარამდე გაძვირდა. ფასების მატებას განსაკუთრებით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახები განიცდიან.

ადგილობრივი ფქვილი შემოტანილზე ძვირია – ამბობენ ფქვილის გამყიდველები და მიაჩნიათ, რომ ფასის მატება საწვავის გაძვირებამ, ლარის კურსის დაცემამ და მაღალმა გადასახადებმა განაპირობა.

ახალციხელები შიშობენ, რომ პურისა და საწვავის შემდეგ, უახლოეს მომავალში ფასები პროდუქტსა და მედიკამენტებზეც გაიზრდება.



მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურმა პროცესებმა ასახვა საქართველოშიც რომ ჰპოვა, ამის შესახებ თურქოლოგი როინ ყავრელიშვილი საუბრობს. მისი თქმით, თურქეთში ადგილობრივი პროდუქტი არ გაძვირებულა, თუმცა ლირის გაუფასურებამ ქართულ ლარზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.



სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში ნახევარი პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა.

| Print |