ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: ,,დოლართან ლარის კურსის მერყეობა ეკონომიკის მდგომარეობას სრულად არ ასახავს"
ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება ყველაზე უმადური საქმეა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა კურსის მკვეთრ ვარდნას და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ე.წ. მცურავი კურსი და მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი. პერიოდულად რყევები შეიძლება იყოს, თუმცა ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა. არსებობს ასევე გარე ფაქტორები, რომელთა მიმართაც ჩვენ ჯერ კიდევ მოწყვლადი ვართ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს. დოლართან ლარის კურსის მერყეობა ეკონომიკის მდგომარეობას სრულად არ ასახავს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6126 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6202 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარი 0. 0076 ლარით შემცირდა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0395 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0478 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევრომ 0.0083 ლარით მოიმატა.
| Print |