ეკონომიკა
აგვისტოში კომერციული ბანკების მოგება 7,028 მლნ ლარით გაიზარდა
2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,028 მილიონი ლარით გაიზარდა.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ბანკების წმინდა მოგებამ 48,928 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის აგვისტოში კი აღნიშნული მაჩვენებელი 41,900 მილიონი ლარი იყო – ამის შესახებ სააგენტო ,,ბიპიენი" იუწყება.

ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში, ბანკების შემოსავლებმა 359,470 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 305,894 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2018 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,415 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 13,773 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან,
მიმდინარე წლის აგვისტოში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 29,212 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ბანკებმა 2,408 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს. ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.
| Print |