ეკონომიკა
სესხის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა
ეროვნული ბანკის დებულების თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტებს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ.

სებ-ის მიერ დამტკიცებულ დებულებაში ისიც განმარტებულია თუ რას გულისხმობს გადახდისუუნარობის ანალიზი.

დოკუმენტის მიხედვით, გადახდისუუნარობის ანალიზი მოიცავს:

პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზსა და სესხის საჭიროების შემოწმებას;
გონივრულობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას;
ბიუროში საკრედიტო ისტორიის გადამოწმებას;
ყველა იმ დამატებითი ფაქტორის გათვალისწინებას, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე;
მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მსესხებლის მიერ მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების გარეშე სესხის მომსახურების შესაძლებლობის განსაზღვრას.

ამასთან, როგორც დებულებაშია აღნიშნული, სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ სესხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფაქტს არ უნდა ეფუძნებოდეს, რომ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის ღირებულება სესხის მოცულობას აღემატება.

შეგახსენებთ, რომ ამ დებულებით დგინდება ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.

მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა. ამასთან, განისაზღვრა სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც.
| Print |