ეკონომიკა
დაგროვებითი პენსიით შექმნილი მომავალი
საქართველოს დასაქმებულმა მოქალაქეებმა საპენსიო სააგენტოში პირველი შენატანი უკვე გააკეთეს. იანვრიდან მათი ხელფასი 2%-ით ნაკლებია. კანონის მიხედვით, თანხა ყოველთვიურად მათი პენსიისთვის დაგროვდება.

26 წლის გიორგი ბერიძემ იანვრის თვის ხელფასი 18.76 ლარით ნაკლები აიღო. ეს თანხა საპენსიო სააგენტოში, მისი უზრუნველი სიბერისთვის გადაირიცხა. ახალგაზრდა მამაკაცი ახალციხეში, კერძო სექტორში მუშაობს. მისი ხელფასი 750 ლარია. საპროგნოზო საპენსიო მთვლელის მიხედვით, თუ ამ ოდენობის ხელფასს სტაბილურად შეინარჩუნებს, 49 წლის შემდეგ პენსია 1 008 ლარი ექნება.

„ათასლარიანი პენსია ცოტა არ არის. მაგრამ 65 წლამდე უწყვეტად შევძლებ მუშობას და ასეთი ხელფასის აღებას? კიდევ ერთი საკითხია, როცა პენსიაზე გავალ, რა ძალა ექნება ამ ათას ლარს. თუ კუპონივით გაუფასურდა, რაში მეყოფა ეს თანხა?“ - ამბობს გიორგი.

ახალგაზრდა მამაკაცის მსგავსად, საპენსიო რეფორმას სკეპტიკურად უყურებს საზოგადოების ნაწილი ახალციხეში. იდეა მოსწონთ, თუმცა დარწმუნებულები არ არიან, რომ 30-40 წლის შემდეგ წლების მანძილზე ნაგროვებ ათასობით ლარს უკან დაიბრუნებენ. ამის გამოცდილება კი საქართველოს მოსახლეობას 90-იან წლებში აქვს.



დაგროვებითი პენსიის სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სქემა ასეთია: დასაქმებული ყოველთვიურად საპენსიო ანგარიშზე რიცხავს დასაბეგრი ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელი 2%-ს, 2% კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ემატება. პროგრამაში ავტომატურად ჩაერთო ყველა მოქალაქე. 40 წლმადე პირებისთვის მასში მონაწილეობა სავალდებულოა. დააგროვებენ თუ არა პენსიას - არჩევანის საშუალება აქვთ 40 წლის ზემოთ მყოფ მოქალაქეებს.

რატომ არის სავალდებულო - ამაზე საკუთარი მოსაზრება აქვთ ეკონომისტებს. საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში მილიონ 686 ათასი ადამიანია დასაქმებული, მათგან 40 წლამდე დაქირავებით დასაქმებული დაახლოებით, 20%-ია. სპეციალისტების თქმით, ვალდებულების გარეშე მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი გადაწყვეტდა რეფორმაში ჩართვას. სავალდებულოობის პრინციპით კი, მათ არჩევანი არ აქვთ.

„მგონია, რომ ადამიანის დავალდებულება თანხის დაზოგვის მხრივ კარგი არ არის, ასეთ გადაწყვეტილებას პირი თავად უნდა იღებდეს. თუმცა საქართველოში ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ დაზოგვას და ამ უნდობლობის მიზეზიც აქვთ“ - ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.

„პენსიონერი იღებს 200 ლარს იმის მიუხედავად, მუშობდა თუ არა წარსულში, ამიტომ არსებული სისტემა უნდა შეცვლილიყო და უფრო სამართლიანი ჩამოყალიბებულიყო. თუმცა მსგავსი რეფორმის განხორციელებას სჭირდება საზოგადოების მეტი ნდობა. სიახლე ცოტა ნაჩქარევი იყო, უკეთ შეიძლებოდა დამუშავება. ამ რეფორმისთვის უნდა ყოფილიყო ფართო საზოგადოების კონსესუსი.“

მათ, ვინც დაგროვებითი პენსიის სქემას სკეპტიკურად უყურებს, საპენსიო სააგენტოში პასუხობენ, რომ მათი დანაზოგის ინვესტირებას მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში მოახდენენ, ამის რეგულირებას კი ეროვნული ბანკი განახორციელებს.

„საპენსიო სქემა მორგებულია ქართულ რეალობაზე. რეფორმის მიზანი არის საჯარო ინტერესების დაცვა და საპენსიო ასაკში მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, საპენსიო სქემაში გაწევრიანების სავალდებულობა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან“.



საპენსიო რეფორმაში რისკები დაინახეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დაგროვებითი პენსიის ამოქმედებამდე, სპეციალისტებთან ერთად რეკომენდაციები შეიმუშვეს.

„ხელისუფლება ამბობს, რომ შემოთავაზებული საპენსიო სისტემა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, თუმცა მნიშვნელოვანია დაასახელოს ერთი კონკრეტული ქვეყანა მაინც, რომლის გამოცდილებასთანაც ყველაზე ახლოს იქნება საქართველოს საპენსიო მოდელი. ამ დროს გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. მაგალითად, უნგრეთი, პოლონეთი“, - წერია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონის ძალაში შესვლამდე გაავრცელეს. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოთვალა, რომ ქვეყანაში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი - 581 ლარი განათლების სფეროშია. ყველაზე მაღალი - 2 000 კი საფინანსო საქმიანობაში.

საპროგნოზო საპენსიო მთვლელით გამოვთვალეთ, თუ 30 წლის მამაკაცს ხელფასი უწყვეტად ექნება 500 ლარი და პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვებულ თანხას 10 წელი აიღებს, თვეში მისი პენსია 725.37 ლარს შეადგენს. ამას დაემატება თანხა, რასაც იმ დროისთვის სახელმწიფოს სოციალური დახმარება - პენსია შეადგენს.
| Print |