ეკონომიკა
კურორტი 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის იქნება მზად - ვიცეპრემიერი აბასთუმანზე
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კურორტ აბასთუმანში მშენებარე სასტუმროების, რესტორნების და სხვადასხვა რეკრეაციული სივრცეების ინვესტორებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და მხარის რწმუნებულის წარმომადგენელი. საკოორდინაციო შეხვედრაში 10-მდე სხვადასხვა ობიექტის ინვესტორი მონაწილეობდა. 

,,ინტენსიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ინვესტორებთან, რომლებიც მაღალი კლასის სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების მშენებლობას ახორციელებენ აბასთუმანში, რითაც საკუთარი წვლილი შეაქვთ კურორტის განვითარებაში. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ბიზნესთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, აბასთუმანი გახდება უნიკალური კურორტი, რომელიც ათასობით სტუმარს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს და სამუშაოების საკმაოდ დიდი ნაწილი დასრულებულია. როგორც იცით, ჩვენს მიერ გაცხადებული გეგმით, კურორტი 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის იქნება მზად და დღეის მდგომარეობით, მიმდინარე თუ შესრულებული სამუშაოები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ განახლებული აბასთუმანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს",
- აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, აბასთუმნის კურორტზე პრივატიზებული ფართობის 91.7% ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა სუბიექტებმა იყიდეს, 81.1% კი - პირადად ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა.

TI-ის კვლევის მიხედვით, ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფომ აბასთუმანში 20-ჯერ მეტი მიწა გაყიდა, ვიდრე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი ექვსი წლის განმავლობაში.

აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულდა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.
| Print |