ეკონომიკა
პური 10 ლარი, პიცა 60 ლარი - მესაკუთრეთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ბაკურიანის სასტუმროების მესაკუთრეთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

,,რამოდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ბაკურიანში არსებული კვების ობიექტებში წარმოუდგენლად მაღალი ფასების შესახებ. უთითებენ ფასებსაც კი, პური 10 ლარი, პიცა 60 ლარი და ასე შემდეგ.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბაკურიანის კვების ობიექტების უმეტესობა, მათ შორის კურორტზე არსებული ყველაზე პოპულარული კაფე-რესტორნების ფასები, არ აღემატება თბილისში არსებული რესტორნების ფასებს, თუმცა როგორც ყველა კურორტსა თუ ქალაქში, ბაკურიანშიც არსებობს რამდენიმე კვების ობიექტი, რომელიც თავისი სტატუსიდან გამომდინარე, გამოირჩევა მაღალი ფასებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კურორტის უმეტეს კაფე-რესტორანში იგივე მდგომარეობაა".


ინფორმაცია ზამთრის კურორტებზე, კვების ობიექტებში სიძვირესთან დაკავშირებით გასულ კვირას გავრცელდა. მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ რაც წელს კურორტზე ხდება, ყველა ზღვარს სცდება.

„მაგალითად, ერთ-ერთ ერთ ჩაიხანაში, 4 ჭიქა ჩაიში გადავიხადე 25 ლარი, ოღონდ ეს იყო 4 ჭიქა ადუღებული წყალი, 4 ცალი ერთჯერადი ჩაი და 4 ერთჯერადი შაქარი.

სარესტორნე ფასებს რაც შეეხება, სტანდარტული ხინკალი 2,50 ლარიდან იწყება, ნახევარ ლიტრიანი კოკა-კოლა 5 ლარი, ხოლო ნახევარ ლიტრიანი წყალიც დაახლოებით 5 ლარამდე ღირს“, -
ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი დამსვენებელი.

მისივე თქმით, საკმაოდ ძვირი ღირს ტაქსის მომსახურებაც. „სულ რომ 200 მეტრის გავლა მოგიწიოთ, მინიმუმ 10 ლარს იხდით“, - აღნიშნავს იგი.
| Print |