ეკონომიკა
რა პრობლემები აქვთ კარტოფილის ბაზარზე ფერმერებს სამცხე–ჯავახეთში?
ახალციხელ და ახალქალაქელ ფერმერებს კარტოფილის რეალიზაცია ისევ უჭირთ. როგორც ფერმერი ნოდარ აჩელაშვილი ამბობს, იმპორტი იმ დონემდეა გაზრდილი, რომ წინა წლებთან შედარებით, ქართული კარტოფილის გაყიდვა ადგილობრივ მოსახლეობას, ნახევარ ფასად, ან კიდევ უფრო იაფად უწევთ.

„ძალიან არასტაბილური ბაზარია. 2022 წელს, საშუალოდ ერთ კილოგრამ კარტოფილს 1.30 ლარიდან, 1.70 ლარამდე ვყიდდით. წელს მაქსიმუმ ადგილზე რომ ჩამოხვიდეთ 80 თეთრი იქნება, მოსახლეობის 90% კი დღემდე 55-60 თეთრში ყიდიან კარტოფილს, სამწუხაროდ.“, - ამბობს ნოდარ აჩელაშვილი.

ფერმერი აგრეთვე საუბრობს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებმაც ფასების დაცემა და ბაზრის არასტაბილურობა გამოიწვია.

„ადრე იყო სამგორის, დეზერტირების და სხვა ბაზრის მანქანები, რომლებიც შემოდიოდნენ და მაღაზიებს ამარაგებდნენ. ჩვენ 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდით ამ ხალხთან და ისინი 15 თეთრზე მუშაობდნენ. 10 თეთრი რჩებოდათ, 5 თეთრი იყო მათი ხარჯი. ახლა ბაზარი დიდ ქსელებზეა ორიენტირებული, პატარა მაღაზიები ვეღარ მუშაობენ, დიდი ქსელები თავად გვიკავშირდებიან, შეხედავენ სიტუაციას და თავად ჩამოაქვთ კარტოფილის დიდი რაოდენობა თბილისში“, - აღნიშნავს ნოდარ აჩელაშვილი.

მისივე თქმით, წელს მინიმალურ მოგებაზე მხოლოდ ის ფერმერები გავიდნენ, ვისაც ძალიან დიდი რაოდენობის კარტოფილი ჰქონდათ დათესილი, ხოლო მცირე ფერმერებს, იმ ფასში მოუწიათ მოსავლის გასაღება, რა ფასიც მისი მოყვანა დაუჯდათ.

„გაიყიდა მაქსიმალურად კარგი ხარისხის კარტოფილი, ეს საწყის ეტაპზე. ძალიან იაფად გვიწევს გაყიდვა, შემოტანილი კარტოფილი ძალიან ბევრია. მოგებაშიც ვერ გავედით, ჩვეულებრივი ფერმერები მით უმეტეს. ვისაც ბევრი კარტოფილი არ მოჰყავს, ის ფიზიკურად ვერ შეძლებდა მოგებაზე გასვლას“, - განაცხადა ფერმერმა.

შეგახსენებთ, რომ კარტოფილის იმპორტი 7 -წლიან მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 23,210 ტონა (7,740 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტი კი საქსტატის მონაცემებით 4.4-ჯერ არის შემცირებული.

წყარო:bpn
| Print |