ეკონომიკა
მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი არ იწმინდება - სახელმწიფო აუდიტმა ნინოწმინდაში დარღვევები გამოავლინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი. 

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზებიც გამოვლინდა.

,,1,221.8 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 104.1 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.

ინფრასტრუქტურული პროექტის მართვაში არსებული კონტროლის მექანიზმების ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტის მიერ, საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი არასწორად წარიმართა. შედეგად, სამუშაოები გაგრძელდა 2 წლის განმავლობაში; ასევე, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მერიამ დროულად ვერ უზრუნველყო ბაღისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება, შენობის ინვენტარით აღჭურვა და სასწავლო პროცესის დაწყება. შენობა ზიანდება უფუნქციობის გამო"
- წერია დასკვნაში.

ხარვეზებია საინფორმაციო მომსახურების შესყიდვის ნაწილშიც. 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა 115.0 ათასი ლარი დახარჯა საინფორმაციო, არასოციალური სარეკლამო სახის მომსახურების შესასყიდად. მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა კონკრეტული საინფორმაციო პროგრამების შესყიდვის საჭიროება, ასევე დახარჯული ფულადი რესურსისა და მიღებული შედეგის ადეკვატურობა.

რაც შეეხება ქონების განკარგვის პროცესს, დასკვნის მიხედვით ქონების ნაწილს შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე იყენებდნენ არაუფლებამოსილი პირები და ქირას მუნიციპალიტეტს არ უხდიდნენ; ასევე ქონება იურიდიულ პირზე გადაცემულია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

ასევე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი, მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.

მერია ვერც საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას უზრუნველჰყოფს, რის გამოც მუნიციპალიტეტი სრულად ვერ იღებს საბიუჯეტო შემოსავალს.
| Print |