ეკონომიკა
ახალციხეში 5 ობიექტი დაუსრულებელია, 1 უფუნქციოა და სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 336.2 ათასი ლარი გახარჯულია არაეფექტიანად - აუდიტის დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 37% და 47% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი .

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ,,მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განხორციელდა ან დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 165.0 ათასი ლარი და დროულად ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დაგეგმილ შედეგს".

  • 1,856.4 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
  • მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 685.8 ათასი ლარი და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.
  • საწვავის ხარჯვის პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას. აღნიშნული წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
  • მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტი სრულად ვერ იღებს დასუფთავების მოსაკრებელს.

ნინოწმინდის მსგავსად, ახალციხის მუნიციპალიტეტში ,,სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული იურიდიული პირი; მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება შეფერხებით, არ მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია" - წერია დასკვნაში.
| Print |