ეკონომიკა
ყოველწლიურად ტურისტული ნაკადები იკლებს - ბორჯომში სექტორის გამოწვევებზე საუბრობენ
ბორჯომში, სოფელ ზემო სადგერში მდებარე ტურისტული ობიექტის „ლენდჰაუს ბორჯომის“ დამფუძნებელი ეკა გეგეშიძე კოტეჯების დატვირთულობასა და ზოგადად ტურიზმში არსებულ მდგომარეობას BM.GE-სთან აფასებს და ამბობს, რომ ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად იკლებს. 

გეგეშიძის თქმით, საქართველოში დასვენება იაფი არ ჯდება, რადგან ძალიან ბევრი ძვირადღირებული ადგილია იმ მიზნით, რომ ობიექტმა რაც შეიძლება მეტი გამოიმუშაოს და უცხოელი დამსვენებელი მოატყუოს. თუმცა ტურისტები ამას ხვდებიან და შემდგომში ეს ფაქტი მათ ნაკადებზეც აისახება.

„სექტორში ბევრი გამოწვევაა. ყოველწლიურად ტურისტული ნაკადები იკლებს. მაღალი ფასების გარდა, პრობლემაა კადრებიც, რომელიც შესაბამისად ვერ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას და ჩვენი მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ სერვისი მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

საქართველოს საერთაშორისო ბაზრებზე ისეთი რეკლამა აღარ უკეთდება, რაც ადრე. ცნობადობის ნაკლებობა კი, რა თქმა უნდა, უცხოელი სტუმრების რაოდენობაზეც აისახება. ხშირად, ჩვენთან მოსული სტუმრები იმასაც ამბობენ, რომ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამაზე შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების განხორციელება არ ხდება“
, - აცხადებს გეგეშიძე.

მისივე ცნობით, გასულ წელს, ზაფხულში 100%-ით დატვირთულები იყვნენ, ხოლო ზამთარში, იქიდან გამომდინარე, რომ ბორჯომში თოვლი არ მოვიდა, ბევრი ჯავშანი გაუქმდა.

„ლენდჰაუს ბორჯომი“ ბორჯომის რაიონში, სოფელ ზემო სადგერში მდებარეობს და ხუთ კოტეჯს აერთიანებს. კოტეჯების ასაშენებლად და მოსაწყობად, ჯამში 750 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ხოლო, მასში განთავსების ღირებულება საშუალოდ 350 ლარია და ფასის ცვლილება სეზონსა და კოტეჯის ტიპზეა დამოკიდებული.
| Print |