ეკონომიკა
ბორჯომის ისტორიულ პარკში ვიზიტორთა აღრიცხვის სისტემა მოუწესრიგებელია - აუდიტის დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 9.5% და 16.2% დააკლდა.

  • მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ წარმართა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მონიტორინგი, არ დაიცვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და არ გაატარა საკმარისი ღონისძიებები სამუშაოების დროულად დასასრულებლად. შედეგად, მიწოდების ვადები გაზრდილია დაუსაბუთებლად. შესყიდვის პროცესის სათანადოდ წარმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი დასარიცხი პირგასამტეხლოს სახით მიიღებდა მინიმუმ 214.6 ათას ლარს.
  • მუნიციპალიტეტის საქმიანობა სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისი იყო. აღნიშნული პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია. 

  • მერიამ დაარღვია საკრებულოს დადგენილება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის შესახებ. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს.
  • მუნიციპალიტეტმა საკუთარი საქმიანობის რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის საანგარიშო პერიოდში დახარჯა 163.9 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, რამდენად იყო აუცილებელი მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა და იყო თუ არა დახარჯული ფულადი რესურსი მიღებული შედეგის ადეკვატური.
  • მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ფუნქციები დუბლირებულია ადგილობრივი ორგანოებისა და მუნიციპალური სხვა ა(ა)იპ- ების საქმიანობასთან. ამასთანავე, ზოგიერთი ა(ა)იპ-ისათვის არ არის შექმნილი სათანადო სამუშაო პირობები.
  • ბორჯომის ისტორიული პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორთა აღრიცხვის სისტემა მოუწესრიგებელია, ხოლო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვის პროცესი გაუმართავია. გარდა ამისა, ა(ა)იპ-მა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება.

მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე" - წერია დასკვნაში.
| Print |