ეკონომიკა
კაკაოს ფასი სულ უფრო ძვირდება - გაძვირდება თუ არა შოკოლადი
გლობალურ ბაზარზე კაკაოს ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე კაკაოს ფიუჩერსების ფასი ტონაზე 5 870 დოლარს აღწევს. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 134%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის 9 თებერვალს ერთი ტონა კაკაო ბირჟებზე 2 510 დოლარი ღირდა.

კაკოზე ფასების ზრდას სპეციალისტები მიწოდების ჯაჭვში შექმნილ პრობლემებსა და თავად პროდუქტის დეფიციტს უკავშირებენ.

კაკაოს უმსხვილეს მწარმოებელთა შორის მეორე ადგილზე მყოფი განას ექსპორტიორები აცხადებენ, რომ მიმდინარე სეზონზე ქვეყანაში 475 000 – 500 000 ტონა კაკაოს მოსავალს ელოდებიან, ნაცვლად წინა სეზონის 655 000 ტონისა.

ამასთან, ექსპორტიორთა შეფასებით, კაკაოს მარცვლების მიწოდება კოტ-დ-ივუარის პორტებში, რომელიც მსოფლიოში ამ პროდუქტის უმსხვილესი მწარმოებელია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით ნაკლები იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კაკაოს ბაზარი ზედიზედ მესამე წელი დეფიციტური იქნება.

შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Hershey Co. ადასტურებს, რომ კაკაოს გაძვირება მათი პროდუქციის ფასებზე პირდაპირ აისახება.„თუ ფასების ზრდა გაგრძელდება, იძულებულები გავხდებით, გავაძვიროთ ჩვენი შოკოლადი“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

| Print |