განათლება
ამალია თამამიანი: ,,სახელმწიფო სტუდენტს მხოლოდ 20 თეთრიან მგზავრობას სთავაზობს"
ამალია თამამიანი მოსამზადებელი კურსის სტუდენტია. მისი მიზანი სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა და კარგი განათლების მიღებაა.

ამბობს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იმ საკითებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ახალციხეში სასწავლებლად წასული სტუდენტის ოჯახმა უნდა გაითვალისწინოს.

,,სტუდენტობა არის საუკეთესო დრო ჩამოყალიბდე განათლებულ ადამიანად, თუმცა ყოფითი საკითხების გამო ხშირად მოტივაცია იკარგება. ბინის ქირა, მგზავრობა, კომუნალურები – ძალიან ძვირია, თითქმის თბილისის ფასებს უტოლდება. მინიმალური თანხა, ბინის დასაქირავებლად 200–300 ლარია, ამას თან კომუნალური გადასახადები ემატება, სახელმწიფო კი მხოლოდ 20 თეთრიან მგზავრობას სთავაზობს სტუდენტს“ – წუხს ამალია თამამიანი.

საცხოვრებელი სახლის დაქირავება, რომ ძვირია, ამის შესახებ თავად ბინის მეპატრონეებიც საუბრობენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ–ეკონომმიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ბინის ფასი ადექვატურია. აშოტ სიმონიანის ოჯახის შემოსავლის ერთერთი ძირითადი წყარო ბინის გაქირავებაა.

,,მესმის სტუდენტების ეკონომიკური მდგომარეობა, რთულია ოჯახისთვის ერთდროულად ბევრი ხარჯის გაწევა, თუმცა ხშირად ხდება, რომ ახალგაზრდები ავეჯს აფუჭებენ, სახლს აზიანებენ.. მე არ ვარ ვადებული, მათთვის ახალი ავეჯი შევიძინო. ახალგაზრდები არიან და უნდა გაუფრთხილდნენსხვის სახლს, იმუშაონ და იცხოვრონ“ – აღნიშნავს აშოტ სიმონიანი.

ესტელლა ბაბოიანი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში ცხოვრობს. ორი წლის წინ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ახალციხეში მეგობართან ერთად ცხოვრობს და ბინის ქირას – 300 ლარს შუაზე იყოფს. ასევე ნაწილდება კომუნალურებისა და კვების თანხაც, თუმცა სტუდენტის დედა მარინა ბაბოიანი ამბობს, რომ გაყოფილი ხარჯების მიუხედავად ახალციხეში შვილის შენახვა მაინც ძვირია.

,,სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთულია, როდესაც განათლების მიღებაზე მხოლოდ მშობელი ფიქრობს. თვეში 300 ლარი მაინც ჭირდება, რომ საუნივერსიტეტო ქალაქში იცხოვროს და ისწავლოს. გამოდის, რომ ორი ოჯახი გყავს. ყველაფერი უნდა მოიკლო, რომ შვილმა განათლება მიიღოს. სამწუხაროდ, სხვა გზა არ არის" – განმარტავს ესტელლა ბაბოიანი.

ბინის შედარებით დაბალ ფასად დაქირავების გარდა, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. დღეისათვის სულ უფრო მეტი სტუდენტი ცდილობს განათლების მიღება საკუთარი შრომით შეძლოს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ სამცხე–ჯავახეთის ბიზნეს–კომპანიების შეთავაზება და სამუშაო გრაფიკი ხშირად სტუდენტების პროფესიასა და სასწავლო დროს არ ესადაგება.

სიმონ ინჯოიანი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და ამავე დროს ორი წელია დასაქმებულია. ახალგაზრდა წუხს, რომ დროის სიმცირის გამო იგი სხვა პრობლემების წინაშე დგას.

,,ჩემი სამსახურში ყოფნა სავალდებულოა, რის გამოც თითქმის ვერ ვახერხებ სამსახურის სწავლასთან შეთავსებას. სასწავლებლების ნაწილი ჩვენთვის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემას ახერხებს. რაც შეეხება პრაქტიკას, სტუდენტებს დამატებითი კურსებისა და ტრენინგების გავლა გვიწევს, რაც ასევე ხარჯებს უკავშირდება“ – ამბობს სიმონ ინჯოიანი.

სტუდენტების დასაქმების საკითხის შესახებ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს – განმარტავს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს, რომ ,,სამინისტრომ შეიმუშავა სისტემური მიდგომა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა მოხდება“.


| Print |