განათლება
ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქში სომხური სკოლის პედაგოგებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქში,

სომხურენოვან პირველ საჯარო სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

პედაგოგებთან შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრმა ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის დასაუფლებლად განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამების პარალელურად, სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის შენარჩუნებაზეც ზრუნავს.

სახელმწიფო მინისტრმა ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ ქართული ენის შესწავლის საქმეში ისინი დიდ როლს თამაშობენ. ისაუბრა „ქართულ ენაში მომზადების საგანამნათლებლო პროგრამის“ (ე.წ. 1+4 პროგრამის) მნიშვნელობაზეც, რომლის გავლის შემდგომაც სტუდენტებს საჯარო სექტორში სტაჟირების გავლა გამარტივებულად შეუძლიათ.

მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრი მერვე კლასში ქართულის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც სწორედ ორენოვანმა დამხმარე მასწავლებელმა ჩაატარა. მოსწავლეებთან ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მათ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვის საშუალებას მისცემს.
| Print |