განათლება
ახალციხის #6 სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
ქალაქ ახალციხის #6 სკოლა, რამდენიმე საათით, საარჩევნო უბნად გადაკეთდა.
80-მდე მოსწავლემ ოთხი სუბიექტიდან ხმა სასურველს მისცა. არჩევანი კი მათი საარჩევნო პროგრამების გაცნობის შემდეგ გააკეთეს.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებმა გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები, კონსტიტუციური უფლებები, შეძლონ პრიორიტეტების გამოკვეთა და გონივრული არჩევანის გაკეთება.
საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე აიმაღლონ საარჩევნო კულტურა.

პროექტში მონაწილეობა 6-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა მიიღეს.

სამცხე-ჯავახეთში იმიტირებული არჩევნები სულ რვა სკოლაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო.

პროექტს- "მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში", საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, გერმანულ ორგანიზაცია DRA -სთან ერთად ახორციელებს.

სამცხე-ჯავახეთში პროექტის პარტნიორი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრია.
| Print |