განათლება
ახალციხეში 30–ზე მეტი მოსწავლე, ლეპტოპის გარეშე დარჩა
სამცხე–ჯავახეთის სკოლების 107 მეათეკლასელს, პერსონალური კომპიუტერი გადაეცა. მათ შორის ვერ მოხვდა ახალციხის 30–ზე მეტი წარჩინებული მოსწავლე. მიზეზები ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თითქმის ერთნაირია.

ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ, პერსონალური კომპიუტერის მისაღებად, 21 წარჩინებული მოსწავლე წარადგინა. აქედან ლეპტოპის გარეშე ექვსი მათგანი დარჩა.

დირექტორი ამბობს, რომ მიზეზი შეფასების ჟურნალის წარმოებაში, მასწავლებლების მიერ დაშვებული შეცდომებია.

იგივე მიზეზით, გასულ წელს სკოლის სამი მოსწავლე, ლეპტოპის გარეშე დარჩა. ჟუჟუნა გოგოლაური იმედოვნებს, რომ ამჯერად შეცდომები გამოსწორებადია და ექვსივე მოსწავლე დამსახურებულ კომპიუტერს, მოგვიანებით მიიღებს.

პერსონალური კომპიუტერის გარეშე დარჩა ახალციხის მეექვსე სკოლის ერთადერთი წარჩინებული მეათეკლასელი. ამის შესახებ მშობელმა სოციალური ქსელიდან შეიტყო.

თეა გავაშელი ამბობს, რომ მიზეზების გარკვევა რესურსცენტრში სცადა, საიდანაც ზუსტი პასუხი ვერ მიიღო.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ ლეპტოპი მუნიციპალიტეტის მაშტაბით, 30–მდე მოსწავლემ მიიღო, ამდენივეს მონაცემებს კი განათლების სამინისტრო სწავლობს.

პროექტი „ჩემი პირველი კომპიტერი“ რამდენიმე წელია ხორციელდება. მისი მიზანი მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

თუმცა წარჩინებული მოსწავლეები, ჟურნალში არსებული ხარვეზების გამო, ლეპტოპის გარეშე ყოველ წელს რჩებიან.


| Print |