განათლება
ახალციხეში ტოლერანტობის კვირეული დაიწყო
ახალციხეში, ტოლერანტობის კვირეულის აღნიშვნა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო.

12-16 ნოემბერს საქართველოში ტოლერანტობის კვირეული აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პავლე ზაზაძის სახელობის დარბაზში გაიმართა. სამი სტუდენტი აუდიტორიის წინაშე ტოლერანტობის თემაზე მოხსენებით წარსდგა. შეხვედრას უნივერსიტეტის მესამე, ახალქალაქის კორპუსის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

სტუდენტების ინიციატივით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შეხვედრაზე შერიგებისა და სახელმწიფო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოიწვია. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო. მან საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე - "ტოლერანტობა - სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ფაქტორი".

ლია გიგაურის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანი, ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების გააქტიურება და მხარდაჭერაა. მთავარი გამოწვევა - სახელმწიფო ენის ცოდნის გაძლიერება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მთავარ ღირებულებებად დასახელებული აქვს სამი მიმართულება - თავისუფლება, ეროვნულობა და ტოლერანტობა.

რექტორმა აქცენტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიასა და სტრატეგიულ გეგმაზე გააკეთა, ტოლერანტობის საკითხზე ისაუბრა ფსიქოლოგმა გულიკო ბექაურმა.

| Print |