განათლება
უნივერსიტეტის ავტორიზაცია-აკრედიტაციის რთული გზა
22 იანვარს, აკრედიტაციის საბჭო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვან სხდომას გამართავს. ექსპერტებმა უმაღლეს სასწავლებელში ვიზიტი დაასრულეს და ამ დღეს აგრონომიის პროგრამის აკრედიტაციაა დაგეგმილი.

ხატია გელაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეოთხე კურსის სტუდენტია. ის, სამ ჯგუფელთან ერთად, მისივე ფაკულტეტის აკრედიტაციის პროცესში, თვითშეფასების ჯგუფის წევრი იყო. ექსპერტების ვიზიტის დროს, მათ კითხვები დაუსვეს. მანამ, სანამ ფაკულტეტს აკრედიტაციას მიანიჭებდნენ, სპეციალისტები ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებსაც გაესაუბრნენ.

"იყო კითხვები საიდან იღებთ ინფორმაციას, რატომ არ აქტიურობთ გაცვლით პროგრამებში, როგორ კონტაქტობთ ლექტორებთან", - ამბობს ხატია გელაშვილი.



ფაკულტეტმა აკრედიტაცია გაიარა. სტუდენტების თქმით, რჩება პრობლემები, რომლებიც ახალგაზრდებს სწავლაში ხელს უშლის.
"თუ სტუდენტს არ ექნება მასალებზე წვდომა, ის ვერ შეძლებს დავალების მომზადებას. მნიშვნელოვანია პრაქტიკის გავლის საკითხი და ნორმალური ინფრასტრუქტურაც. კარგი იქნება ღონისძიებების და აქტივობების გამართვა, რომელშიც სტუდენტები ჩაერთვებიან. სერიოზული პრობლემაა ინგლისური ენის ცოდნა. უცხო ენა ისეთ დონეზე უნდა ისწვლებოდეს, რომ როცა უნივერსიტეტს დაამთავრებ, შენი პროფესიის გარშემო თავისუფლად შეგეძლოს საუბარი", - ამბობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

სტუდენტების უცხო ენის ცოდნის დონით, არც რექტორია კმაყოფილი. ეს აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესში, ერთ-ერთი გამოწვევაა.

"სხვა უნივერსიტეტებში თუ კონკურსია, ჩვენთან გაცვლითი პროგრამებისთვის სტუდენტებს ვეძებთ. მათ არ აქვთ უცხო ენის ცოდნის შესაბამისი დონე. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეხსნა ინგლისური ენის უფასო კურსები სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის. უნივერსიტეტში არ გვაქვს ინგლისურენოვანი პროგრამები. ჯერჯერობით დავიწყებთ კურსების შექმნას, რათა გაცვლით პროგრამებში არა მხოლოდ ჩვენ გავუშვათ სტუდენტები, არამედ მივიღოთ კიდეც, რაც საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა მაკა ბერიძემ.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 30-ზე მეტი პროგრამა აქვს, აქედან აკრედიტაცია გაიარა სამმა მიმართულებამ:
• დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა;
• ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები;
დასკვნა უკვე არსებობს ქართულ ენაში მომზადების (1+4) პროგრამაზე. ახლა უნივერაიტეტი აკრედიტაციის საბჭოს სხდომის თარიღის ჩანიშვნას ელის.

სააკრედიტაციოდ გაგზავნილია ბიზნეს-ინფორმატიკის და აგროტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამები და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა. ამ სამ პროგრამაზე უნივერსიტეტში ექსპერტთა ვიზიტი ჯერ არ განხორციელებულა.

ამის პარალელურად, უნივერსიტეტი ავტორიზაციისთვის ემზადება.

ავტორიზაცია და აკრედიტაცია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არ არის. აკრედიტაცია გულისხმობს იმას, რომ პროგრამა დადგენილი სტანდარტების მიხედვით, დეტალურად მოწმდება. სახელმწიფო სტუდენტთა დაფინანსებას, მხოლოდ აკრედიტირებულ პროგრამებზე გასცემს.

"უნივერსიტეტის ავტორიზაციისთვის აქტიურ მზადებაში ვართ. ყველა პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ივლისის ბოლოს უნდა წარვადგინოთ ავტორიზაციის განაცხადი. 2020 წლის თებერვლისთვის კი პროცესი დასრულებული უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მთელი უნივერსიტეტი სრული დატვირთვით ვემზადებით", - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.



მაკა ბერიძის თქმით, ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება უნივერსიტეტს შესაძლოა გაუჭირდეს. თუმცა ამ პროცესებისთვის მზადება გაცილებით ადრე დაიწყო. ადმინისტრაციის წინაშე, ორი მთავარი გამოწვევაა და ორივე სერიოზულ ფინანსურ რესურსს უკავშირდება.

"მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შშმ პირებისთვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. არ გვაქვს გადაადგილების საშუალება, მაგალითად პირველიდან მეოთხე სართულზე რომ ავიდეთ. არ გვაქვს სასწავლო მასალა. არც იმის საშუალება გვაქვს, ყველა პროგრამაზე მივიღოთ მხედველობა და სმენადაქვეითებული პირები", - მთავარ გამოწვევებზე მაკა ბერიძემ "მეცხრე არხთან" ისაუბრა.

პროფესორისა და აკადემიური საბჭოს წევრისთვის, უნივერსიტეტის მთავარი გამოწვევა სამეცნიერო მიმართულებებია.
"დღეს უმაღლეს სასწავლებელში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების განვითარება. რეალობა ერთია - უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევები არ მიდის ისე, როგორც უნდა იყოს", - განაცხადა თინა გელაშვილმა.



პროგრამა აკრედიტაციას 7 წლის ვადით გადის. ფაკულტეტებმა, რომლებმაც ეს პროცესი 2012 წელს გაიარეს, აკრედიტაცია 2020 წლისთვის უნდა დაასრულონ. ამჯერად კრიტერიუმები უფრო გამკაცრებულია.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აკრედიტაციის და ავტორიზაციის სტანდარტები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ჩვენი ამოცანაა ძალიან მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება. სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ ეძლევათ რაიმე სახის შეღავათი და ისინი თანაბრად ვალდებულნი არიან მოცემული სტანდარტები დააკმყოფილონ", - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ, როცა ის რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმების განხილვას უსმენდა.



სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-ზე მეტი მიმართულებიდან აკრედიტაცია ჯერ მხოლოდ რამდენიმემ გაიარა. დარჩენილი პროგრამებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას სამწლიანი ვადა აქვს. მანამდე კი უნივერსიტეტს ავტორიზაციის პროცესი ელის. 
| Print |