განათლება
რა იცვლება აბიტურიენტებისთვის უფასო ფაკულტეტების გაუქმებით?
სახელმწიფოს მიერ ფაკულტეტების დაფინანსება იცვლება. განათლების მინისტრმა უფასო ფაკულტეტების გაუქმება დააანონსა.

მედეა ლომიძე საჯარო მმართველობის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტია. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას, სახელმწიფო სრულად უფინანსებს. ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალობის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს დეტალი აღმოჩნდა.
„ძალიან მინდოდა საჯარო მმართველობის სპეციალობაზე მესწავლა, მაგრამ ფასიანი იყო. ამიტომ ვაპირებდი ეკონომიკაზე ჩაბარებას. გამიმართლა და შარშან ჩემი სპეციალობა გახდა უფასო. იმედია, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული ცვლილებები ჩემნაირ ახალგაზრდებს სწავლაში ხელს არ შეუშლის“, - ამბობს მედეა ლომიძე.

მეთერთმეტე კლასელი გიორგი ბერიძე უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება. სკოლის მოსწავლეს უმაღლესი განათების მიღება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტში, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ სპეციალობაზე სურს.
„ვფიქრობ საჯარო მმართველობას ავირჩევ, რადგან უფასოა. ძმაც მყავს და ოჯახი ორი სტუდენტის სწავლის საფასურს ვერ გადაიხდის. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება“, - ამბობს მოსწავლე.

როცა გიორგი ბერიძე სტუდენტი გახდება, სწორედ მაშინ შევა ძალაში ცვლილებები, რომელიც განათლების მინისტრმა დააანონსა. უფასო ფაკულტეტების გაუქმების შესახებ, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაფინანსების არსებული მოდელი არაფრის მომცემია და შედეგზე არ არის ორიენტირებული. უფასო ფაკულტეტების დასაფინანსებლად, წელიწადში დაახლოებით 12 მლნ ლარი იხარჯება. თუმცა საკითხის შესწავლისას გამოჩნდა, რომ პროგრამამ მოლოდინი ვერ გაამართლა. ახალ მოდელზე კი მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს. მოხდეს გადასვლა ახალ მოდელზე, რომელიც ვაუჩერული სისტემის დარჩენას გულისხმობს, ხოლო მოდელი, რომლითაც ფული უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით მიედინებოდა, გადანაწილდება იმ შეფასების მაჩვენებლებზე, რომელზეც ახლა ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

2018-2019 სასწავლო წელს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პრიორიტეტულ პროგრამებზე 100%-იანი დაფინანსება მიიღეს პროგრამებმა: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, საჯარო მმართველობა, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ეკოლოგია და აგრონომია.

„წინ გადადგმული ნაბიჯი“ - ასე აფასებს დაანონსებულ ცვლილებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

"დღეს უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან დაფინანსებას არ იღებს. ჩვენი შემოსავალი დამოკიდებული იყოს სტუდენტების გადასახადსა და პრიორიტეტულ პროგრამებზე ჩარიცხულ აბიტურიენტებზე, რომლებსაც სწავლას სახელმწიფო უფინანსებს. შემოდის უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსება. ეს საგანმანათლებლო დაწესებულების მდგრადობის მთავარი საფუძველია. ზუსტად გვეცოდინება, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად გარკვეულ თანხას ჩაგვირიცხავს. სხვა სიკეთეებთან ერთად, უნივერსიტეტს შესაძლებლობა ექნება თავად აირჩიოს რომელ პროგრამებს დააფინანსებს", - ამბობს მაკა ბერიძე.

რექტორი განმარტავს, რომ ცვლილების შემდეგ მათთან სწავლის მსურველებისთვის არაფერი იცვლება.



უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან მოხდება. განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ ცვლილებები ეფექტური მაშინ იქნება, თუ რეფორმა ყველა კუთხით განხორციელდება. განათლების მინისტრის თქმით, სამინისტრო რეფორმების პაკეთს სექტემბერში წარადგენს და არც რადიკალურ ნაბიჯებს მოერიდებიან. . სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმა განათლების ხუთივე საფეხურს შეეხება. 
| Print |