განათლება
მეცნიერი ქალები მესხეთიდან
ყოველ ცხრამეტ წუთში, მსოფლიოში ნაღმზე ერთი ადამიანი იღუპება. ამ მონაცემების ნახვის შემდეგ და-ძმა ხუციშვილებს გაუჩნდათ იდეა, რომ უპილოტო გამნაღმველი სისტემა გამოეგონებინათ.
„ლაივ–სეივერი“
ორი დრონისგან შედგება. ერთი აღმომჩენია, მეორე გამნაღმველი. დრონი მიდის, ნიშნავს იმ ადგილებს, სადაც ნაღმია, უგზავნის ინფორმაციას მეორე დრონს, რომელიც ნაღმებს აუვნებელყოფს. ჰაერში წინააღმდეგობის შეხვედრის შემთხვევაში, დრონი გზას ბორბლებით აგრძელებს. გადაადგილება და ნაღმების აღმოჩენა შეუძლია წყალშიც შეუძლია.

ახალციხელი ანასა და კარლოს ამ გამოგონებამ 2016 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა, „IYIPO 2016“-ზე ჯერ საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.

ანა ხუციშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ახალციხელი გოგო მეცნიერებით ახალგაზრდების დაინტერესებას ცდილობს. ძმასთან ერთად საჯარო ლექციებს ატარებს და მოსწავლეებს ინოვაციური იდეების განხორციელების გზებზე ესაუბრება.

„მინდა რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ,,ჩავითრიოთ“ ამ საქმეში. ყოველთვის ვცდილობდი რამე ისეთი შემექმნა, რომელიც არა მარტო ჩემს ქვეყანას, არამედ სამყაროს გამოადგებოდა. ჯერ იდეები მოდის, მერე ცდილობ რეალობად აქციო ყველა გამოგონება“, - გვიყვება ანა, რომელიც კიდევ რამდენიმე გამოგონებაზე მუშაობს.



23 წლის ჯულეტა ელბაქიანი ქართულ ზმნას იკვლევს. მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტის ინტერესის სფერო, ქართული ენის გრამატიკაში ყველაზე რთული და ამ დრომდე შეუსწავლელი საკითხებია. ეროვნებით სომეხი გოგონა, სწავლას ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით აგრძელებს. ჭაჭარაქელი გოგონა არ გამორიცხავს, ქართულ-სომხურ ურთიერთობებში არსებულ კითხვებს არგუმენტირებული პასუხი თავისი კვლევებით გასცეს.

„როცა გავიგე ამ პროფესიის შესახებ, თუ რას შევისწავლიდი, მომეწონა და მივხვდი, რომ ეს ის არის, რაც მე მინდა. აქ შემიძლია რეალიზება გავუკეთო ჩემს ყველა უნარს. მინდა კარგი მეცნიერი გამოვიდე და გამოვიკვლიო ის საკითხები, რაც საჭირბოროტოა. სადაც მეტი პრობლემაა, ის მინდა ვცადო ჩემი შესაძლებლობები“, - ამბობს ჯულეტა.



ნათელა მელიქიძეს რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ ასპინძაში როგორც მკვიდრი, ისე ჩამოსახლებული მოსახლეობის გვარ-სახელები შეესწავლა. ამ მხრივ მისი მშობლიური რაიონი მრავალფეროვანი და შეუსწავლელია. 43 წლის ქალმა კვლევისას აღმოაჩინა, რომ მე–19 მე–20 საუკუნეში, გამაჰმადიანებული მოსახლეობის გვარსახელები მათთან ერთად გაქრა და დღეს ამ გვარის ხალხი ასპინძაში აღარ გვხვდება. მათი კვლევა კი პირველად, ნათელა მელიქიძის სადოქტორო ნამუშევრისთვის მოხდა. „ასპინძის ანთროპონიმთა სტრუქტურა და სემანტიკა“ ჰქვია ნაშრომს, რომლითაც ოთხი თვის წინ მეცნიერის სტატუსი მოიპოვა.

„ონომასტიკისადმი ინტერესი სტუდენტობიდან გამიჩნდა. დისერტაციის დაცვით არ მთავრდება ყველაფერი. ეს მხოლოდ ერთი ეტაპია, ამის მერე იწყებ უფრო ღრმა ძიებას, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. ასპინძის მუნიციპალიტეტში სათითაო გვარის კვლევას ვაპირებ. როგორიც არის ჩამოსახლებულ მთიელთა, აჭარელთა, იმერელთა თუ სხვათა გვარები. საკმაოდ მოცულობითი კვლევაა საჭირო“, - სამომავლო გეგმებზე საუბრობს ნათელა მელიქიძე, რომელიც 20 წელია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორია.



30 წელზე მეტია თინა იველაშვილი სამცხე-ჯავახეთის სამზარეულოს იკვლევს. მივიწყებული კერძის მომზადების წესებს სოფლებში, უხუცესებისგან იწერს და წიგნად კინძავს. მასში ისეთ რეცეპტებს შეხვდებით, რომელსაც სამხრეთ საქართველოში აღარ აკეთებენ.

სანამ მესხური სამზარეულოს ნოყიერი, ცომისგან მომზადებული კერძებით დაინტერესდებოდა, რეგიონში ქორწინების რიტუალი და წეს-ჩვეულებები მოიკვლია. ნაშრომით კი 43 წლის ასაკში სადოქტორო ხარისხი მიიღო. ასპირანტურა თბილისში, დოქტორანტურა კი მოსკოვში დაამთავრა.

"1984 წელს საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი თემაზე – საქორწინო წეს–ჩვეულებები სამცხე–ჯავახეთში, ხოლო 1991 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე – საქორწინო წეს–ჩვეულებები საქართველოში. ისტორიის ინსტიტუტში ერთადერთი ვარ, რომელმაც ორი გრიფით მივიღე ხარისხი – ისტორიკოსი და ეთნოგრაფი“.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თინა იველაშვილი ახალციხეში 1992 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიას ასწავლის. ამბობს, რომ მეცნიერებისადმი ინტერესი ახლა უფრო ცოტას აქვს. მიზეზი ნაკლები მხარდაჭერა და დასაქმებს პრობლემაა.

„მეცნიერებს ადრე უფრო ჰქონდათ ხელშეწყობა – ექსპედიცია იყო თუ სხვა სახის ღონისძიება, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებოდა. ახლა დასაქმების პრობლემაც არის, ნორმალური ანაზღაურების და ა.შ. დოქტორანტებს უნივერსიტეტში დღესაც მიიღებ, მაგრამ ვერ ასაქმებ, რადგან ადგილები არ არის“, - ამბობს თინა იველაშვილი.



11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 2011 წელს, გაერთანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დაარსდა.

ამ დღის აღნიშვნის მიზანი მეცნიერებასა და განათლებაში ქალების თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა და მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავების აღმოიფხვრაა. გაეროში მიაჩნიათ, რომ მეცნიერება ახალგაზრდა ქალებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
| Print |