განათლება
მომავალი წლიდან, გამოცდების ჩაბარება მოსწავლეებს ახალი რეგულაციით მოუწევთ
2019/20 სასწავლო წლიდან მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებს შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სიახლე დაემატოს. მოსალოდნელია, რომ 2024 წლიდან ეროვნული გამოცდების ტესტირება შეიცვლება და აბიტურიენტის ცოდნა სტანდარტთან შესაბამისობაში შემოწმდება. ასევე იგეგმება ტესტებს ვიდეოდავალებები დაემატოს.

საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსთან" მიცემულ ინტერვიუში შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე განმარტავს, რომ გამოცდა მოსწავლის ცოდნას შეაფასებს და მის კლასში ჩატოვებაზე ორიენტირებული არ იქნება.

„მომავალი სასწავლო წლიდან მოხდება პილოტირება. წელს უკვე ვმუშაობთ, რომ პილოტირების ინსტრუმენტები შევქმნათ. წლის ბოლომდე თუ მოხერხდება, გავაკეთებთ პილოტს, თუ არადა, მომავალი წლისთვის გადავიტანთ ისე, რომ შემდეგ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარებთ ასეთ გამოცდას. ახლა, მე-10 კლასის ბოლოს ეს გამოცდა ვერ ჩატარდება, ამისთვის მზად არ ვართ“, - განაცხადა გორგოძემ.

ახალი ინიციატივის მიხედვით, აბიტურიენტს ოთხი გამოცდის გარდა, შეუძლია ჩააბაროს რამდენი გამოცდაც უნდა განუსაზღვრელად.

,,მაგალითად, ჩავაბარე 4 გამოცდა, ვცადე კიდევ 2-ის ჩაბარება და ჩავიჭერი რომელიმე არჩევით საგანში, ავად გავხდი ან ვერ მივედი გამოცდაზე. ამ შემთხვევაში მე გრანტის მიღების შანსს ვკარგავდი. ახალი მიდგომით, ახლა ამ შესაძლებლობას არ ვკარგავ თუ სხვა გამოცდებში დადებითი შედეგი მაქვს. წელს ეს არის ერთადერთი ცვლილება, რაც კანონმდებლობის დონეზე დარეგულირდება" – აცხადებს სოფიო გორგოძე.
| Print |