განათლება
ბარბარე - რვა შვილის სტუდენტი დედა
მათე, ანა, ნინო, იოანე, ლუკა, მართა, მარიამი და მარკოზი და-ძმანი არიან. ბარბარე გალიბინსა და ბესო მელიქიძეს რვა შვილი ჰყავთ. უფროსი 10 წლისაა, უმცროსი კი - მარიამი და მარკოზი 10 თვის ტყუპები არიან.

ბარბარე და ბესო 23 წლის ასაკში დაქორწინდნენ. ერთმანეთი ახალქალაქში, ბარბარეს სტუდენტობისას გაიცნეს. დაოჯახება იყო ერთ-ერთი პირობა, რის გამოც უცხო ენის ფაკულტეტის სტუდენტმა სწავლა მეორე კურსზე მიატოვა. 13 წელია დიასახლისია. ათსულიან ოჯახში საოჯახო საქმეებს მარტო უმკლავდება. ამბობს, რომ ქალის ტვირთი არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც რთულია.



ბარბარე დამოუკიდებელია, თუმცა ამბობს, რომ ფინანსურად ქმარზეა დამოკიდებული. ამის შესაცვლელად ჯერ სწავლა და შემდეგ მუშაობაა საჭირო. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რვა შვილის დედამ 36 წლის ასაკში სწავლა გადაწყვიტა.

„არ ვარ მშიშარა, მაგრამ თავიდან ჩემთვისაც ძნელი იყო ამ ასაკში სწავლა. ვამბობდი, რას იფიქრებს ხალხი. თუ მოინდომებს ადამიანი, ყველაფრისთვის ნახავს დროს. ეროვნული გამოცდების წიგნები მქონდა და შეძლებისდაგვარად ვკითხულობდი, როგორც კი შევძლებდი. ბავშვებს უხაროდათ, რომ დედამ უნდა ისწავლოს და შემდეგ იმუშაოს. ჩემთან ერთად ღელავდნენ ისინიც“, - იხსენებს ბარბარე.

მრავალშვილიანმა დედამ მასალები და სახელმძღვანელოები მოიმარაგა. გამოცდებისთვის გვიან ღამით ემზადებოდა, როცა ბავშვებს ეძინათ. ბარბარემ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გახდა. 



“პირველად ლექციაზე რომ შევედი, მეგონა სხვანაირად შემომხედავდნენ, მაგრამ ყველაფერი განსხვავებულად დამხვდა. რეაქცია არ ჰქონიათ, არავის არ გაჰკვირებია, რომ ამდენი შვილის პატრონს ამ ასაკში სწავლა მოუნდა. მომეხსნა დაძაბულობა. ახლა არ მიჭირს ჯგუფელებთან ურთიერთობა, მშვენივრად ვგრძნობ თავს“,
- ამბობს ბარბარე.

როცა ბარბარე ლექციებს ესწრება, მის ტყუპებს ძიძა უვლის. დამხმარე ქალის აყვანა სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა. უნივერსიტეტში მანქანით ქმარს ჩამოჰყავს. ახალქალაქიდან ახალციხეში სიარული რთულია, მაგრამ მიზნის მისაღწევად სირთულეების გადალახვა უწევს. არ გამორიცხავს, რომ მისი ოჯახის შემადგენლობა კიდევ გაიზარდოს. მთავარი, რასაც შვილებს ასწავლის, განსხვავებული აზრის პატივისცემაა.
| Print |