განათლება
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყება
2019 წლის ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 12 მარტს 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება.

მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.


მნიშვნელოვანი სიახლე:

ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს. 

2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.
| Print |