განათლება
პირველკლასელთა რეგისტრაცია შეცვლილი პირობებით იწყება
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. EDU.aris.ge-ს ინფორმაციით, 2019 წლის 25 მარტიდან 5 აპრილამდე რეგისტრაციის პირველ ეტაპს სწორედ ამ კატეგორიის მოსწავლეები გაივლიან.

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ ჩაითვლება ბავშვი, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სწავლის უნარის დარღვევა;

დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);

ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;

ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება

თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;

ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი, 2019 წლის 2 მაისიდან – 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2019 წლის 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა  13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს  აკმაყოფილებს. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge ელექტრონულად. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. 

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი:

IV ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2019 წლის 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება. ამ ეტაპზე განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

რეგისტრაციას 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც გაივლინ, ვინაიდან ახალი სასწავლო წელი 2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათს იწყება.
| Print |