განათლება
ბაღების გაერთიანება გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას არ აპირებს და სააპელაციოს მიმართა
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა, სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

მომდევნო ინსტაციას მოპასუხე მხარემ - ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ მიმართა. ხელმძღვანელი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს ნამდვილად მიმართეს, თუმცა მარინა მერაბიშვილი საქმის საბოლოო დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებს.

სამსახურიდან გათავისუფლებული აღმზრდელის, მარინე ლილუაშვილის ადვოკატი ნინო დემეტრაძე ამბობს, რომ უწყებიდან ცნობა უკვე ჩაბარდა. პროცესი 18 მარტს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ორი ბრძანება გააბათილა. პირველის საფუძველზე პირველი ბაგას აღმზრდელ მარინე ლალუაშვილს საყვედური გამოუცხადეს, მეორე ბრძანებით კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

მარინე ლალუაშვილი აღმზრდელად 35 წელი მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში მას პირველი საყვედური 2021 წლის მარტში დაუწერეს, ივნისში კი კონფლიქტური სიტუაციების შექმნის მიზეზით გაათავისუფლეს.
მის ინტერესებს ადვოკატი ნინო დემეტრაძე იცავს.

„მოპასუხე მხარის არგუმენტი გახლდათ ის, რომ კოლექტივში არასასიამოვნო ურთიერთობებისთვის, პრობლემური სიტუაციების შექმნისთვის, შინაგანაწესის დარღვევისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გათავისუფლებულიყო მარინე ლალუაშვილი. მე სასამართლოს წინაშე დავაყენე საკითხი, რომ თუ არსებობდა რამე მტკიცებულება, რომ ამ წლების განმავლობაში ქალბატონი მარინა ბავშვის ან თანამშრომლების მიმართ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, მხარეს წარმოედგინა, მაგრამ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რადგან არც არსებობდა“, - ამბობს ნინო დემეტრაძე.

ახალციხის რაიონული სასამართლო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გათავისუფლებული კიდევ ორი თანამშრომლის საქმეს განიხილავს. ერთ-ერთია იურისტი მარინე აბულაძე, რომელიც სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ის ამბობს, რომ სამსახურიდან შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო, დასთან ერთად გაათავისუფლეს, რომელიც საკრებულოს აპარატის უფროსი იყო.

წარმოებაშია ქალაქ ვალეს #1 საბავშვო ბაღის თანამშრომლის სამოქალაქო სარჩელი, სადაც ლატავრა ჯანაშვილი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

| Print |