განათლება
უკრაინელი ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.

სამინისტროს ცნობით, მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით, ომის დაწყებამდე.

"საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა ენებზე.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას",
- ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.

გარდა ამისა, უკრაინელი ბავშვებისთვის უფასოა საქართველოს ბაგა-ბაღები.
| Print |