განათლება
პირველკლასელების სკოლაში მიღების წესი შეიცვალა
პარლამენტმა 83 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას დაუჭირა მხარი.

კანონით განისაზღვრება, რომ სკოლებში სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რომელიც პირს 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდება.

“მრავალი წელია საკითხი, რომელიც ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკს ეხება, საზოგადოებაში აქტუალურია. ამ კუთხით არაერთი კვლევა ჩატარდა და მოსაზრება გამოითქვა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით საზოგადოებრივი აზრი იქით იხრება, რომ ყველაზე სწორი, ყველაზე ლოგიკური და ყველაზე სამართლიანია დაწყებით საფეხურზე სწავლა დაიწყონ ბავშვებმა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

ამას შესაბამისი მომზადება სჭირდება, რათა სისტემა აღნიშნული ნაკადის მიღებას მზად დახვდეს. ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით და ვადას ეტაპობრივად გადავწევთ. ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკითხი შემდგომი წლისთვის არ გადაგვედო და ცვლილება იმ მცირე და ყველაზე მწვავე პერიოდის კონტინგენტს წელსვე შეხებოდა“,
- განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა პროექტის წარდგენისას.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე და რამინა ბერაძე.

პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.
| Print |