განათლება
ეროვნული გამოცდის თემის გამო, გამოცდების ცენტრს განმარტების გაკეთება მოუწია
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყო. ტესტი რამდენიმე დავალებისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტირებული ესეა. თავისუფალი თემა მხატვრული ანალიზის დავალებასთან გაერთიანდა.

აბიტურიენტმა, რომელმაც გამოცდა უკვე ჩააბარეს, თქვეს, რომ 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი ესეს თემა იყო: "აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული". აბიტურიენტებს ის ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოების, "ამაყის" მიხედვით უნდა დაეწერათ.

კიდევ ერთი თემა იყო: "კარგი საქმე უნდა დაფასდეს, რომ უზნეობამ არ იბატონოს".

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუწია. განცხადებაში წერია, რომ "ზოგიერთი მედიასაშუალებისგან აღნიშნულ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა".

გამოცდების ცენტრში ამბობენ, რომ ვინაიდან გამოცდები დღეს დაიწყო და 90 000-ზე მეტი გამოსაცდელია რეგისტრირებული, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია საკითხის პოლიტიზება, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაციამ შესაძლოა აპლიკანტზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

"აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები "ამაყი", რომელიც ეხება თავისუფლებისათვის ბრძოლის თემას. ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: „აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული" - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას ცდილობენ.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთხოვთ ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოთ მისი არაკორექტული შეფასებებისგან. მანამდე კი, დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს", - წერია განცხადებაში.
| Print |