განათლება
შალვა პაპუაშვილი განათლების კომიტეტთან ერთად სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა
ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლებისა და ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მესამე რეგიონული გასვლა სამცხე-ჯავახეთში გამართა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებთან ერთად, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია.

პარლამენტის წევრები ადგილზე გაეცნენ გამოწვევებს, რომელიც სკოლის წინაშე დგას. კომიტეტის წევრები თემატური მოკვლევის ფარგლებში ახალქალაქისა და ნინოწმინდის ბაგა-ბაღებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მათ ბაგა-ბაღებსა და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.ახალქალაქის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ახალციხეში გაგრძელდა, სადაც ისინი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადგილობრივ დონეზე ქართული ენის შესწავლას უკავშირდება.

„ჩვენი მთავარი მოტივაცია და როლი არის ის, რომ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოვაგვაროთ ის საგანმანათლებლო პრობლემები, რაც უკეთეს ხელმისაწვდომობას განაპირობებს საგანმანათლებლო კუთხით. ეს ეხება სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების პრობლემას, სახელმძღვანელოების პრობლემას. კარგად მუშაობს მაგრამ გასაუმჯობესებელია 1+4 პროგრამა. ვმუშაობთ ასევე, ამ პროგრამისთვის დაფინანსების გასაზრდელად“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში, N2 „ახალციხის" სამმართველოს, N9 სექტორი „სამება"-ს სასაზღვრო პუნქტზე გაგრძელდა. შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასაზღვრო პუნქტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ პარლამენტის წევრებს სასაზღვრო პუნქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.დღესვე ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებულმა თემატურმა ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე საფორტიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაცია და ფუნქციური რევიტალიზაციასთან დაკავშირებით ხერთვისის ციხეზე პრეზენტაცია გამართა. კომისია ციხე-სიმაგრეების შესაძლებლობებს შეისწავლის, მართვის გეგმას შეიმუშავებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. ინიციატივა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის.

პროექტზე მუშაობა კომიტეტის წევრებმა ერთი თვეა დაიწყეს და ის ათასამდე ციხე-სიმაგრეს მოიცავს.

საქართველოს პარლამენტის ფოტოები
| Print |