განათლება
ბორჯომელმა მოსწავლემ "ეტალონი 2022"-ის შემაჯამებელ კონკურსზე, მეორე ადგილი მოიპოვა
საქართველოს ეროვნულ-ინტელექტუალური ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის სამეულში ბორჯომელი მოსწავლე გავიდა. მეოთხე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელმა გიორგი ბერიძემ, 04:07 წუთში 72 ქულა დააგროვა და საკუთარი შედეგით მეორე ადგილი დაიკავა. "ეტალონის" გამარჯვებული საქართველოს მასშტაბით, ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩხიკვაძე გახდა, ხოლო მესამე ადგილი კერძო სკოლა "თაობის" მოსწავლემ ნიკო ავალიანმა მოიპოვა.

ბორჯომელი მოსწავლე სამცხე-ჯავახეთიდან ერთადერთი კონკურსანტი იყო, რომელიც "ეტალონის" ფინალურ კონკურსში მონაწილეობდა. 

საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს დიპლომები და განათლების სამინისტროსგან ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლემ 1000 ლარიანი ვაუჩერი მიიღო, მეორე ადგილოსანმა - 800, ხოლო მესამე ადგილის მფლობელმა - 500 ლარიანი ვაუჩერი.

საქართველოს ეროვნულ-ინტელექტუალური ჩემპიონატი "ეტალონი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით საქართველოს მასშტაბით იმართება. კონკურსი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 20 ივლისს დასრულდა. შედეგად 29 მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთის ა/რ-ის "ეტალონ მოსწავლე" გამოვლინდა.
| Print |