განათლება
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე-ჯავახეთიდან ორი სკოლა იბრძოლებს
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე-ჯავახეთიდან ახალციხის პირველი და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლები იბრძოლებენ. ნახევარფინალი სასწავლო დაწესებულებებს შორის 26 თებერვალს თბილისში გაიმართა. სამცხე-ჯავახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, შიდა ქართლდან, ქვემო ქართლიდან და თბილისიდან ფინალურ ტურში მონაწილე ხუთი სკოლა შეირჩა. რეგიონული ნახევარფინალებით სამი ფინალისტი გამოვლინდა აჭარასა და გურიაში, ოთხი ფინალისტი – სამეგრელო–ზემო სვანეთსა და აფხაზეთში, ამდენივე – იმერეთში, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამი ფინალისტი სკოლა შეირჩა კახეთში. ჯამში ფინალურ ტურში მონაწილეობას 19 სკოლის გუნდი მიიღებს.

სასკოლო პრემიის პირველი ტურო 20 იანვარს დასრულდა. ამ ტურში გამარჯვებულები 2016 წლის 20 მაისის შემდეგ დაგროვებული ქულებით შეირჩნენ და ნახევარფინალში გადავიდნენ. ლელოვნის სკოლამ ქვეყნის მასშტაბით, ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 4,485 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში საქართველოს სკოლებიდან 100 გუნდი გადავიდა. მინიმალური გამსვლელი ზღვარი 300 ქულა იყო.

კონკურსს გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის ორგანიზაცია CENN-ი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. კონკურსის პირობების მიხედვით, სკოლებში შეიქმნა გუნდი, რომელიც ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა–მოგვარების პროცესში ჩაერთო. სხვადასხვა აქტივობით მოსწავლეებმა ქულების სათანადო რაოდენობა დააგროვეს და შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ.

ფინალში მონაწილე ყველა სკოლას სპეციალური სერტიფიკატი და დროშა გადაეცემა. მიენიჭება "მწვანე სკოლის" სტატუსი. სერტიფიკატები გადაეცემათ გამორჩეულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ნიკო კეცხოველის პრემიის ლაურეატი სამი სკოლა პრემიასა და საპატიო დაფას მიიღებს; გამარჯვებულ სკოლებს რეგიონული ეკო–ჰაბის სტატუსი მიენიჭებათ და შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. საჭიროების შემთხვევაში, პროექტის ორგანიზატორები, პარტნიორებთან ერთად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ. ასევე, დაწესდება ინდივიდუალური პრიზები სკოლის გუნდის ლიდერი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებულია დამოუკიდებელი ნომინაციები და პრიზები.

ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია თბილისში, 21 მარტს, ტყეების დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართება.
| Print |