განათლება
ვალის სკოლის მოსწავლე ლიტვაში, საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრება
ვალის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ლიტვაში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. მეთერთმეტე კლასელი ნინო გიორგაძე მე–7–მე–12 კლასებში, გოგონებს შორის, რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ნინო გიორგაძის თქმით, 29 აპრილს "პრანგლიმინე 2017"–ის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად,  ექვსი ქვეყნის წარმომადგენელი, შესაბამის კატეგორიაში იბრძოლებს. ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრება ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, სლოვენიას, უკრაინასა და საქართველოს შორის იმართება. 

მათემატიკური კონკურსი "პრანგლიმინე" ესტონეთის მიერ 15 წელია ხორციელდება. მასში საქართველო წელს პირველად ჩაერთო.

"პრანგლიმინე" არის ონლაინშეჯიბრება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში, რომელიც "მიკსიკეს" საგანმანათლებლო პლატფორმაზე ტარდება. არ არის რთული და მისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოსწავლისათვის. შეჯიბრებაში მონაწილეობენ მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლებიც, რაც შეჯიბრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

საჭიროა ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერები, ვინაიდან შეჯიბრებაში მონაწილეობა ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. მონაწილის წინაშე გამოდის მოედანი, რომელზეც ავტომატურად ჩნდება სხვადასხვა დონისა და სირთულის მაგალითები. რაც უფრო სწრაფად და სწორად უპასუხებს მონაწილე, მით უფრო მეტ ქულას დააგროვებს ის. ყოველი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი სირთულის დავალებაა. შედეგი მაშინვე აისახება ცხრილში და მოსწავლეს შეუძლია ნახოს თავისი ადგილი ქვეყნის, რეგიონის ან სკოლის მიხედვით. მთავარი პირობა დავალების ზეპირად შესრულებაა.

"პრანგლიმინე 2017"–ის ფინალური შეჯიბრება რესპუბლიკის მასშტაბით, თბილისში 18 მარტს გაიმართა. ნინო გიორგაძის გარდა, ლიტვაში საქართველოდან, კიდევ ერთი კონკურსანტი გაემგზავრება.
| Print |