განათლება
10 აპრილს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
2017-2018 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, სადაც რეგისტრირდებიან მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველი ეტაპი 24 აპრილს დასრულდება. დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 25 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, 2017 წლის 8 მაისს, 09:00 საათიდან 1 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე WWW.EMIS.GE. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე.

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად, დოკუმენტების მიღება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. (პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება).

რეგისტრაციის III ეტაპი 19 ივნისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს.

2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.

გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას:

* მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

* დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

* საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;

სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
| Print |