განათლება
პროფესიული სასწავლებლის ახალციხელმა სტუდენტებმა, ჰაკათონში, ფულადი ჯილდოები მოიპოვეს
ახალციხის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა "პროფესიული განათლების ჰაკათონში" ფულადი ჯილდოები მოიპოვეს. ინოვაციური იდეების პროტოტიპების შექმნაში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობა "ოპიზარის" სამმა გუნდმა მიიღო. აქედან "ეკო" "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" რჩეული გახდა და 1000 ლარიანი ჯილდო მიიღეს, ხოლო "პანაცეა"–მ "ენერგო-პრო ჯორჯიას" რჩეულის ტიტული მოიპოვა და საჩუქრად 1 500 ლარი გადაეცა, რომელსაც გუნდი იდეის დასახვეწად გამოიყენებს.

"ჩვენ შევქმენით სპეციალური მოწყობილობა - სამაჯური, რომელიც მხედველობა შეზღუდულ ადამიანებს დაეხმარება გარკვეულ შენობაში გადაადგილებისას, ხოლო მეორე გუნდმა გამოიგონა მცენარეების საშრობი მოწყობილობა, სახლის პირობებისთვის" – განმარტავს გუნდ "პანაცეა"–ს წარმომადგენელი მარიამ დევნოსაძე.

"პროფესიული განათლების ჰაკათონი" საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია "EUHაცკ"-ის ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა. მასში მონაწილეობა განათლების სამინისტროს 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის 37–მა გუნდმა მიიღო. მათ მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტები ფაბლაბების ბაზაზე შექმნეს.

1-2 აპრილს მონაწილე გუნდებმა სხვადასხვა სახის ტრენინგები გაიარეს. ჟიურის წინაშე პრეზენტაციის შემდეგ 14 გუნდი შეირჩა. სამი კვირის განმავლობაში მათ მაღალტექნოლოგიური პროდუქტები შექმნეს.

პროექტის მიზანია კრეატიული აზროვნების განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ცნობადობის ამაღლება და სტარტაპ კომპანიების ფორმირება პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე.

ჰაკათონის დასკვნითი ეტაპი 23 აპრილს ტექნოპარკში გაიმართა.


| Print |